ENPARD-მა განახლებული ვებ-გვერდი წარადგინა

ევროპის სამეზობლო პროგრამამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) განახლებული ვებ-გვერდი წარმოადგინა.

ENPARD-ის ინფორმაციით, ახალი ვებ-გვერდი - www.enpard.ge მარტივად ნავიგაციის საშუალებას იძლევა. ის ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ თუ დაინტერესებულ პირებს პროგრამის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას.

ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლები გაეცნობიან წარმატებული ფერმერული კოოპერატივების საქმიანობას, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას კოოპერატივების რეგისტრაციის შესახებ, გაეცნობიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ENPARD-ის ვებ-გვერდზე პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობისა და შედეგების ამსახველი ანგარიშები გამოქვეყნდება. სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეძლებათ, პირდაპირ ვებ-გვერდიდან მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროგრამის შესაძლებლობის შესახებ, დაუკავშირდნენ ENPARD-ის რეგიონულ ოფისებს და მოიძიონ ინფორმაცია დაფინინსების შესაძლებლობაზე.

ENPARD-ის პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის მართვის პროცესში ქალების ჩართულობის თემას. ამ საკითხზე აქცენტირებისთვის, ვებ-გვერდს აქვს სპეციალური დანაყოფი "ქალის ხმა", სადაც გენდერთან დაკავშირებული პროექტები და სიახლეები ქვეყნდება. ENPARD-ის ვებ-გვერდი სიახლეების ხელმოწერის საშუალებასაც იძლევა. ამისთვის საჭიროა სპეციალურ ველში მომხმარებელმა შეიყვანოს ელ-ფოსტის მისამართი. ვებ-გვერდზე სიახლის გამოქვეყნებისთანავე, ხელმომწერი ამ მისამართზე ავტომატურად მიიღებს ინფორმაციას.