არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია მშენებარე სასტუმრო "მილენიუმს" დაათვალიერებს

არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან თბილისში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წარმომადგენლები, ეკონომიკის მინისტრ სულთან ბის საედ ალ მანსურის ხელმძღვანელობით, დღეს "დაბი ჯგუფის" მშენებარე სასტუმრო "მილენიუმს" დაათვალიერებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებთან ერთად სასტუმროს დათვალიერებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრება.

18-20 მაისის ჩათვლით, თბილისს არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციაში შედიან მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ.  დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ "მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ხვალ დაგეგმილია ბიზნესფორუმი, სადაც დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს შორის.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულება.