მთავრობა თხილის წარმოების წახალისების პროგრამას იწყებს

”საქართველოში წარმოებული თხილის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტი ჩვენს ქვეყანას წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს მოუტანს”

მთავრობა თხილის წარმოების წახალისების პროგრამას იწყებს. პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან პირველი მრავალწევრიანი კოოპერატივის დახმარებას და დაფინანსებას ითვალისწინებს - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” ისაუბრა.

დავით გალეგაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობა თხილის წარმოების პროგრამაზე მიმდინარეობს, რომელიც მალე მთავრობას წარედგინება:  ”ჩვენი პირველი საპილოტე პროექტი სამეგრელოს რეგიონში, ერთ-ერთ თემში დაიწყება. ამაზე ვმსჯელობთ, მთავრობაში მალე გავიტანთ ამ საკითხს, რომ დავეხმაროთ და დავაფინანსოთ პირველი მრავალწევრიანი კოოპერატივი. საუბარია ასობით ადამიანის მიერ შექმნილ კოოპერაციაზე. მოგეხსენებათ, ეს ახალი ტენდენციაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 500-დან 1000 კაცამდე კოოპერაცია ხელს შეუწყობს ამ ყველაფრის განვითარებას. სულ რომ არაფერი დაამატოს გლეხმა თუ ფერმერმა თავის პლანტაციას, კარგად ორგანიზებული, ცოდნით მოკრეფილი, შენახული, დროზე გამშრალი თხილი 20-25%-ით გაზრდის მათ შემოსავლებს. აქ საუბარია შემდეგ პირობაზე: ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი ხარისხის საშრობი ტექნიკის შეძენას, ასევე ვგეგმავთ კოოპერატივს საწყობი ავუშენოთ. ასეთ შემთხვევაში დავუშვათ, 800 კაციანი კოოპერაცია მოახერხებს არა სახლში, ან აივანზე შეინახოს და ამით უფრო გააფუჭოს თხილი და მისი ხარისხი, არამედ, უმაღლესი დონის შესანახი საშუალება გამოიყენოს",-აღნიშნავს დავით გალეგაშვილი.

დავით გალეგაშვილის თქმით, სახელმწიფო პირველივე კოოპერაციას დრენაჟის სისტემის მოწყობით და ნიადაგების სინჯების აღებით დაუჭერს მხარს: ”პირველივე კოოპერაციას ჩვენ მხარს დავუჭერთ უახლოეს თვეებში დრენაჟის სისტემის მოწყობით. სახელმწიფო ამას თავისი ძალებით განახორციელებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ თანამონაწილეობის გათვალისწინებით, ვისაც სურვილი ექნება, ნიადაგის ანალიზებიც დავაფინანსოთ. იმიტომ რომ, თუ გლეხმა ან ფერმერმა არ იცის, რა მდგომარეობაშია მისი ნიადაგი, მან არ იცის, რა სასუქებით უნდა მოაძლიეროს თავისი პლანტაციები”,- განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

გადაცემა ”საქმეში” გალეგაშვილმა თხილის წარმოებასა და მის უცხოეთში ექსპორტზე მთავრობის მხრიდან ყურადღების გამახვილების საჭიროება განმარტა და მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის პოტენციალზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება: ”მთავრობამ წელს მთავარი ყურადღება ექსპორტის ხელშეწყობაზე გადაიტანა. სოფლის მეურნეობაში ასეთ დარგად თხილის წარმოება და მისი უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტი შეირჩა. თხილი ეს არის უპირველესი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, რომელმაც გაასწრო ყველა სხვას და ამჟამად მისგან შემოსული თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღემატება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ღვინიდან შემოსული თანხები, ამიტომ ჩვენი ენერგიის კონცენტრაცია თხილის განვითარებაზე ხდება. თხილი ჩვენთვის უნიკალური პროდუქტია კიდევ ერთი კუთხით: ჩვენ ამჟამად, მსოფლიოში თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა შორის მესამე - მეოთხე ქვეყანა ვართ. ჩვენზე წინ არის თურქეთი, იტალია, ხოლო დაახლოებით იმდენს ვაწარმოებთ ჩვენ, რამდენსაც ამერიკის შეერთებული შტატები. ოდნავ ჩამოგვრჩება აზერბაიჯანი. მაგრამ ქართული თხილის პოტენციალი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტია, ვიდრე დღეს ჩვენ გვაქვს. ჩვენი მიზანია, 5-7 წელიწადში მეორე ადგილზე გადავიდეთ. თურქეთის შემდეგ ჩვენ დავიკავებთ მეორე ადგილს, თუ ყველაფერს ისე განვახორციელებთ, როგორც ეს პროგრამაშია მოცემული. ეს ნიშნავს არა 200 ან 300 მილიონ ლარს წელიწადში, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა, არამედ ეს თანხა მილიარდ ლარსაც გადააჭარბებს”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა.