იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი 689 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2326 მლნ აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები).  მათივე ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2010-2015 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 838 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 206 მლნ აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 632 მლნ აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 32 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-აპრილში 897 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 250 მლნ აშშ დოლარი (51 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 647 მლნ აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 36 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 34, 55 და 27 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2014 წლის იანვარ-აპრილში 10 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (476 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (290 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (248 მლნ აშშ დოლარი).

2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 86 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 73 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 73 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 184 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 179 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 175 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი).