ნოდარ ხადური: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს

”ჩვენი მიზანი ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა”... - ეს სიტყვები საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს ეკუთვნის და ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოტანილი.

საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგობარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, ნოდარ ხადური გაზეთ ”ვერსიას” ესაუბრა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ბაზრებში, განსაკუთრებით, მისი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებთანაა ინტეგრირებული და ამას ვერსად გავექცევით. ”ჩვენი ექსპორტის 1/3 ევროკავშირზე, ხოლო 2/3 - დანარჩენ ქვეყნებზე მოდის, მათ შორის, დსთ-ს სივრცესა და თურქეთზე. საზოგადოებამ კარგად იცის, მაგრამ რატომღაც ყურადღებას არ ვამახვილებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობის მოთხოვნის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს ეგრეთ წოდებული რემიტენსები ანუ ჩვენი ნათესავების მიერ, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამორიცხული თანხები აბალანსებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, გადმორიცხული თანხების ნახევარი, ერთ ქვეყანაზე, რუსეთზე მოდის. თუ ექსპორტის გეოგრაფიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, სხვა ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა მცირდება, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან სავალუტო შემოდინებაც მცირდება.  ეს არ არის მხოლოდ რუსეთი და უკრაინა, სადაც ომია და რუსეთს სანქციები დაუწესეს, ეს არის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ასევე ყაზახეთი, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. ნავთობის ფასის ცვალებადობამ ამ ქვეყნების შემოსავლები შეამცირა და შესაბამისად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ჩვენს საქონელზე მოთხოვნა შემცირდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანმა ისეთი ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რომლებიც ”ევრო 4”-ის სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რამაც ყველაზე მეტად საქართველოზე იმოქმედა. ეს არის პრობლემების ნაწილი, რის გამოც ქვეყანაში დოლარის შემოდინება შემცირდა, რასაც გაცვლითი კურსის გაუფასურება მოჰყვა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაც ამის შემდეგ მოხდა, ყველა ნაბიჯი ლოგიკური იყო, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. მეც მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ ერთ დღეში, ლარი თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც საკმაოდ მყარი ეკონომიკური ახსნა აქვს. თუმცა არის მეორე მხარეც, უფრო უკრაინული გრივნასა და რუსული რუბლის გაუფასურების გამო, ამ ქვეყნებიდან შედარებით იაფი იმპორტი შემოდის, რაც ქვეყანაში ფასების ზრდას აბალანსებს. არის საქონელი, რომელიც გაიაფდა კიდეც, მაგალითად, რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებული რძის პროდუქტი, რკინის ნაწარმი, რომელიც მშენებლობაში გამოიყენება და ასე შემდეგ. ეს პროცესი ფასების ზრდაში არ გადაზრდილა და ამ თვალსაზრისით, სტაბილური ეკონომიკური გარემოა, თუმცა საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. მოსახლეობის ნაწილს სესხი დოლარში აქვს, შემოსავალი კი - ლარში და ბუნებრივია, მათი მდგომარეობა დამძიმდა. თუმცა ამ საკითხზე კომერციული ბანკები მუშაობენ, რადგან არცერთ ბანკს არ უნდა, მისი კლიენტები გადახდისუუნაროები გახდნენ, ამიტომ ისინი რესტრუქტურიზაციაზე მუშაობენ”, -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გაზეთ ”ვერსიასთან” საუბრისას.

რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პრობლემის დასარეგულირებლად, ნოდარ ხადურის თქმით, ამ ვითარებას კომპლექსურად უნდა შევხედოთ და არ გავიშვიროთ ხელი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსკენ ან სხვა, რომელიმე უწყებისკენ. ”ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს! ცნობილია, რომ ამ ვითარებას მოკლევადიან პერსპექტივაში პრივატიზაციის პროცესი დაარეგულირებს, რაც ინვესტიციების შემოდინებას უზრუნველყოფს. ზოგადად, ამ ვითარებას ინვესტორებთან ურთიერთობა, მათი მოძიება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება უშველის და სხვათა შორის, ”იბიარდის” ბიზნესფორუმი ამის ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა იყო. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ამ ვითარებას ქვეყნის ცნობადობის გაზრდაც შეუწყობს ხელს და ამის ერთ-ერთი ფაქტორიც ”იბიარდის” ღონისძიება იყო. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, თებერვალში განვაცხადეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5% ვეღარ იქნება და სამწუხაროდ, მოგვიწევს, სახელმწიფო ბიუჯეტს გადავხედოთ, თუმცა ხაზგასმით გეუბნებით, ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სოციალურ პროექტებს არ შეეხება! დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, 200 მილიონი ლარით მეტია საბიუჯეტო შემოსულობები, ვიდრე ხარჯი. საშუალოვადიან პერიოდში, ლარი დასტაბილურდება, ამ მხრივ, ბოლო სამი დღის ვაჭრობის შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ! იმედი მაქვს, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ლარი დასტაბილურდება. ეს აღნიშნა კიდეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის- სსფ მისიის წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ისევე, როგორც საქართველოს, ლარსაც ნათელი მომავალი აქვს”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.