ახალციხეში საბავშვო ბაღებს დაბინძურებული წყალი მიეწოდება

ქალაქ ახალციხეში საბავშვო ბაღებს დაბინძურებული წყალი მიეწოდება. როგორც  ახალციხის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნანა ბერიძემ განაცხადა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადადუღებულ წყალს ასმევენ ან მშობლებს ბაღში წყალი სახლიდან მიაქვთ. მისივე თქმით, სასმელ წყალში მიკრობაქტერიები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოაჩინა.

"ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ლაბორატორიულ ანალიზს წყალზე, რომელიც მიეწოდებათ საბავშვო ბაღებს. ბაღებს აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს, რა თქმა უნდა, ვარგისიანი წყალი და შეესაბამებოდეს სტანდარტებს. გავაკეთებინეთ ანალიზი და მივიღეთ უარყოფითი პასუხები. ეს წყალი არის სასმელად უვრაგისი. თუმცა, მანამდე თვითონ "წყალკანალმა" აიღო წყალზე სინჯი და თქვა, რომ არ არის დაბინძურებული და წყალი ვარგისია. გადავამოწმეთ და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებულ სინჯებში უკვე აღმოჩნდა მიკრობაქტერიები", - განაცხადა ბერიძემ.

მისივე თქმით, კომპანია ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და ეს პრობლემა უნდა გამოასწოროს.  "გასულ თვესაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მივმართეთ, გამოსწორდა, მაგრამ ხელახალი სინჯის აღების შემდეგ ვნახეთ, რომ იგივე პრობლემის წინაშე ვართ", - აღნიშნა ბერიძემ.

მისივე თქმით, ახალციხეში სულ 8 საბავშვო ბაღია, საიდანაც 2-ში სასმელი წყლის უვარგისობა უკვე დადასტურებულია. "დანარჩენ საბავშვო ბაღებშიც ვიღებთ სინჯებს. სიფრთხილის მიზნით, ყველგან ან მშობლის მოტანილ წყალს სვამენ ბავშვები ან გადადუღებულ წყალს ვაძლეთ. თუ "წყალკანალი" არ დაგვეხმარა, ჩვენ ვერაფერს შევცვლით", - აღნიშნა ბერიძემ.

ახალციხის მერის, გია კოპაძის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა არა მხოლოდ საბავშვო ბაღში, არამედ მთელ ქალაქშია. მისივე თქმით, ძალიან ბევრჯერ დააყენა საკითხი წყლის მომარაგების კომპანიაში სასმელ წყალთან დაკავშირებით, თუმცა სიტუაცია ამ მიმართულებით არ შეცვლილა. "10 დღის უკან კიდევ ერთხელ მოვითხოვე ანალიზი ამ წყლების. თვითონ წყლის კომპანიიდან პასუხი არის, რომ წყალი არის ვარგისი სასმელად. მაგრამ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გამოკვლევები და ნახეს, რომ ამ მიმართულებით პრობლემებია. საგანგაშო არაფერია, მაგრამ სასმელი წყალი უფრო მეტ დასუფთავებას საჭიროებს", - აღნიშნა კოპაძემ.

მისივე თქმით, პრობლემებია იმ ტერიტორიაზე, სადაც საბავშვო ბაღებია და ასევე მთელ ქალაქში, სადაც ძველი სისტემა არ გამოცვლილა.  "წყალმომარაგების კომპანიას რამდენჯერმე მივწერე, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ საბავშვო ბაღებს. ეს კომპანია ჩემს უშუალო დაქვემდებარებაში არ არის, მაგრამ ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს მთელ ახალციხეში. წინა ხელისუფლების დროს საბავშვო ბაღებში ჩატარდა რემონტი, თუმცა რემონტი იყო მხოლოდ კოსმეტიკური და წყალგაყვანილობას არ შეხებია. უკეთესი იქნებოდა, პირველ რიგში წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებულიყო რემონტი. ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ", - აღნიშნა კოპაძემ.