საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის სამხილები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათას წელს განეკუთვნება

საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის სამხილები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათას წელს განეკუთვნება, - ამ სათაურით აქვეყნებს სიუჟეტს ”ევრონიუსი” საქართველოს შესახებ.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ იმირში არქეოლოგები თავდაუზოგავად მუშაობენ. "მეცნიერებს სწამთ, რომ იმირი შეიცავს არტეფაქტებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურებს, რომ საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის კერაა. რვა ათასი წლის წინ, ნეოლითურ ერაში, სოფლის მეურნეობა აყვავებული იყო საქართველოს სამ სოფელში, დღევანდელ შულავერში. ერთ-ერთი პროდუქტი კი, რომელიც ამ ადგილას მოჰყავდათ, ღვინის დასამზადებლად გამოსაყენებელი ყურძენია", - ნათქვამია "ევრონიუსის" სიუჟეტში.

როგორც სიუჟეტში, ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტეფან ბატიუკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ადგილას მოჰყავდათ შინაური ყურძნის ადრეული ნიმუშები, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, უძველესი ღვინის წარმოებისას გამოიყენებოდა. "ჩვენ ვიცით, რომ ღვინის ჭურჭელი სწორედ შულავერში აღმოაჩინეს, სადაც ასევე აღმოჩენილია უძველესი ღვინის წარმოების სამხილები. თუმცა აქ, იმრიში ღვინოს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათას წელს ამზადებდნენ", - აღნიშნავს სტეფან ბატიუკი.

როგორც "ევრონიუსის" სიუჟეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, პროექტის მიზანი მიწათმოქმედების ისტორიის გადახედვაა.

"ეს არ არის მხოლოდ კვლევა-ძიება იმის პირველები ვაწარმოებდით თუ არა ღვინოს, რადგანაც ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები, არამედ ეს გახლავთ ფაქტი, რომ იმ დროში ადამიანი უკვე აწარმოებდა ხორბალსა და სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტს; რაც ნიშნავს, რომ კავკასია და საქართველო ოდიდგანვე იყო დიდი გეოგრაფიული არეალის ნაწილი ე.წ. "ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორია", სადაც ჩნდება ადრეული მიწათმოქმედების კერა და სათავეს იღებს ადრეული ცივილიზაციები”, - აღნიშნავს დავით ლორთქიფანიძე.