ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე: სპორტის სასახლის მშენებლობა შესაძლოა, ოლიმპიადამდე ვერ დასრულდეს

მაღლივ კორპუსთან სპორტის სასახლის მშენებლობა შესაძლოა, ოლიმპიადამდე ვერ დასრულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ დარჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ოლიმპიადისათვის გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა გაწერილი სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობს. დარჩიას ინფორმაციით, ობიექტებში კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდება და ინვენტარით აღიჭურვება. მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდამდე მაღლივ კორპუსთან მშენებარე სპორტის სასახლე ვერ დასრულდეს, რადგან სამუშაოების 30% შეუსრულებელია. კერძოდ, ბეტონის სამუშაოები, გადასახურია პატარა დარბაზი.

"მთლიანობაში, ქალაქში მიმდინარე მშენებლობები, რომელიც დაგეგმილია ფესტივალისათვის, ყველა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ზოგიერთი დარბაზი დასრულდა კიდეც. მაგალითად, მზად არის ვერის საკალათბურთო დარბაზი, ძიუდოს აკადემია ბელიაშვილზე, რაც შეეხება მშენებარე ობიექტებს, ივნისის ბოლოს ყველა ობიექტი იქნება დასრულებული და ინვენტარით აღჭურვილი მზად ფესტივალისთვის. ერთი კითხვის ნიშანი არსებობს, მაღლივ კორპუსთან მშენებარე სპორტის სასახლესთან დაკავშირებით. მშენებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ოლიმპიადამდე მოესწრება. თუ არ მოესწრო, არსებობს ალტერნატიული დარბაზები და მაშინ მოხდება გადათამაშება გარკვეული სპორტის სახეობების. კერძოდ, კალათბურთისა და ხელბურთის დინამოს ბაზასა და სპორტის სასახლეში გადატანა მოხდება", - განაცხადა დარჩიამ.

მისივე თქმით, ოლიმპიური ფესტივალი ლოკომოტივის სტადიონზე 26 ივლისს 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებს 3000-ზე მეტი მოცეკვავე, მსახიობი და სპორტსმენი. ღონისძიება 90 წუთს გაგრძელდება და გრანდიოზული, შთამბეჭდავი სანახაობა იქნება.