ნორვეგიამ რუსეთს დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებაში გადაუსწრო

2015 წლის პირველ კვარტალში ნორვეგიამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს 29,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რუსულმა "გაზპრომმა" კი 20,29 მილიარდი კუბური მეტრი.

ინფორმაციას ამის შესახებ ”როიტერი” ავრცელებს.

"გაზპრომის" მიერ გავრცელებული მონაცემებით, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიმწოდების მხრივ, ნორვეგიამ რუსეთს 2014 წლის მეოთხე კვარტალშიც გადაუსწრო. გასული წლის ბოლოს დასავლეთევროპულ ქვეყნებში ნორვეგიამ 29,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტირება მოახდინა, რუსეთმა კი 19,8 მილიარდი კუბური მეტრის.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე ფასის ვარდნის გათვალისწინებით, ნორვეგია გაზზე უფრო მოქნილ საფასო პოლიტიკას სთავაზობს ქვეყნებს, ვიდრე რუსეთი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მოახდინეს ნორვეგიამ და რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

2012 წლიდან მოყოლებული, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნორვეგიამ გაზის ექსპორტის მხრივ რუსეთს გადაუსწრო.