პროექტ "ბიზნეს-ინკუბატორის" ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის, პროექტ "ბიზნეს-ინკუბატორის" ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში დოკუმენტს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ მოაწერეს ხელი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად, მცირე მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. პარტნიორებად ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტები ავირჩიეთ, რათა სტუდენტები გაეცნონ ინოვაციებს და მოემსახურონ დამწყებ მცირე და საშუალო მეწარმეებს. წელს დავაფინანსეთ ორი ასეთი პროექტი და კონკრეტული შედეგებიც გვექნება. პროექტის განსახორციელებლად 950 000 ლარია გათვალისწინებული. ეს არის ინვესტიცია, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადასახადების სახით უკან ბრუნდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ მემორანდუმის ხელმომწერებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, "ბიზნეს-ინკუბატორი", იგივე FabLab, "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.

როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში FabLab-ების - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორიის მოწყობას. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა. მათ შორის, ტურისტული პროდუქტების წარმოება, ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება, კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება, მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერის კომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება, თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება, ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება, სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება და სპეციალური დანადგარებით აღიჭურვება საოფისე ფართები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.