”თურქული ნაკადი” ექსპლუატაციაში 2017 წლის შემდეგ ჩაეშვება

”თურქული ნაკადის” გაზსადენი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2017 წლის შემდეგ ჩაეშვება. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა რუსეთში უმით იარდიმ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი და რუსეთი ჯერ ვერ შეთანხმდნენ პროექტის დაწყების თაობაზე. უმით იარდის განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმის დაკონკრეტება, რომ გაზსადენი ზუსტად 2016 წელს ჩაეშვება ექსპლუატაციაში.  ”ჩემი აზრით, თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას, ეს დიდი გამარჯვება იქნება თურქეთისა და რუსეთისთვის”, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა რუსეთში.

რამდენიმე კვირის წინ ”გაზპრომის” ხელმძრვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის დეკემბერში იგეგმებოდა. თურქულმა კომპანია Botas-მა და ”გაზპრომმა” 2014 წლის 1 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, შავი ზღვის გავლით, ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. ”თურქული ნაკადის” სიმძლავრე 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

”თურქული ნაკადის” მეშვეობით, რუსეთი ევროპას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

"თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება.