სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება

სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - ეზატის, გუდალეთის, თელადგორის და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 გრძივი მეტრია, ხოლო აბონენტთა ჯამური რაოდენობა 945, მათ შორის: სოფელი გუდალეთი - გაზსადენის სიგრძე 9815 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა 133; სოფელი ეზატი - გაზსადენის სიგრძე 7349 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა 153; სოფელი თელადგორი - გაზსადენის სიგრძე 13386 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა 382; სოფელი ქვემო ხანდაკი - გაზსადენის სიგრძე 11725 გრძივი მეტრი, აბონენტთა რაოდენობა 277.