ეკონომიკის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სსიპ-ით იქნება წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სსიპ-ით იქნება წარმოდგენილი.

უწყების ინფორმაციით, საკუთარი პროექტების პრეზენტაციას გამართავენ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ჰიდროგრაფიის სამსახური, რომელსაც თავისი მანათობელი კოშკურა აქვს; მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელიც იაფი კრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციას გამოფენს, ასევე დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იქნება აეროპორტების გაერთიანება, ინოვაციების სააგენტო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და ა.შ.

"ეკონომიკის სამინისტროს ხვალ რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი გრანდიოზული წარმოდგენა ექნება - უწყებას თითქმის ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს აღებული. რაც შეგვეხება უშუალოდ ჩვენ, მთის კურორტების განვითარების კომპანია მოაწყობს სპეცტექნიკის და ხელოვნური თოვლის პრეზენტაციას. გეტყვით, რომ მსოფლიოში ქალაქის ტერიტორიაზე ამის პრეზენტაცია პირველად მოხდება, რასთან დაკავშირებული სურვილიც ჩვენმა პარტნიორმა, ხელოვნური თოვლის მწარმოებელმა, მსოფლიოში საუკეთესო იტალიურმა კომპანიამ გამოთქვა. აპარატურა, რომელიც რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, წელს შეიქმნა და მისი ტესტირება და პრეზენტაცია პირველად მოხდება სწორედ თბილისში. ასე რომ, ხვალ რუსთაველზე ბავშვებისთვის და, არა მარტო მათთვის, გვექნება საგუნდაო და საციგურაო არეალი, რაც დამოუკიდებლობის დღეს დამატებით ხალისს შესძენს", - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა.