საქსტატი: 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2,2 პროცენტით შემცირდა

2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მათივე ცნობით, 2014 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2014 წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის მანძილზე, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს ჩამოუვარდება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს. დასაქმების დონე გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, პირიქით, 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 5.2 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ - 0.2 პროცენტით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა, დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2014 წელს 2013 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 22.1 და 5.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 11 წლის, ხოლო სოფლად ბოლო 7 წლის მანძილზე.

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.5 და 0.8 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (1.9 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (2.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.4 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 14 წლის მანძილზე) და 14.0 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა დიასახლისია და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 42.9 და 22.6 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.

2014 წელს 2013 წელთან შედარებით აქტიურობის დონე უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც ქალებში, ასევე კაცებში და შესაბამისად 57.1 და 77.4 პროცენტი შეადგინა. ქალებში დასაქმების დონემ 2014 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წლის მანძილზე, ხოლო კაცებში - ბოლო 11 წლის მანძილზე და შესაბამისად 51.1 და 66.6 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე არ შეცვლილა მხოლოდ 55-59 ასაკობრივ ჯგუფში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველგან შემცირებულია. უმუშევრობის დონის ყველაზე დიდი კლება (11.3 პროცენტული პუნქტით) 15-19 ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ისევ ამ ასაკობრივ ჯგუფში რჩება.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.