ირაკლი ღარიბაშვილი უმუშევრობის დონის შემცირებას მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად აფასებს

პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად შეაფასა.

"გვაქვს 2, 2%-იანი კლება და დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით, გასულ წელს შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების 90% მოდის კერძო სექტორზე და ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა. 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში. ეს შედეგია მთავრობის სწორი პოლიტიკის, ჩვენი პროგრამების, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაიხსნა 119 საწარმო, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შეიქმნება 78 ახალი საწარმო. ეს არის სწორი მუშაობის შედეგი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მშპ-ს 4,8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში - 3,2%, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია.