ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ინოვაციური start up-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გააცნეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ დირექტორს, ფრენსის გარის შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ირმა ქავთარაძე და მიხეილ ჯანელიძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასების და კომერციალიზაციის საკითხებზე. ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ინოვაციური start up-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება.

"ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში. ისმო-ს გენერალური დირექტორი გაეცნო საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით, რაც წარმოადგენს DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას. მის შესრულებაში "საქპატენტის" როლი მნიშვნელოვანია.

გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისმო-ს მხარდაჭერით ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავებას, საინოვაციო საქმიანობის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაში ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა და ის 188 წევრ-ქვეყანას აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების ისეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელიც იქნება დაბალანსებული, ეფექტიანი და ხელს შეუწყობს ინოვაციების და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა-განვითარებას. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა.