სოფელ თხინვალამდე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფელ თხინვალამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესა და თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და სასმელი წყლისა და გარე განათების საკითხების მოგვარებას დაპირდა. დავით ნარმანიას თქმით, წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება სრულდება. მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის პარალელურად დაიწყება სასმელი წყლის ქსელის მოწყობაც, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თხინვალაში გარე განათება დამონტაჟდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოფელ თხინვალას, რომელიც თბილისს 2006 წელს შეუერთდა, გზის კაპიტალური შეკეთება რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა, ინერტული მასალის შეტანა, გაშლა და დატკეპნა, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის დაგება, მოეწყობა ტროტუარები, პარალელურად გაკეთდება სასმელი წყლის ქსელი.

თხინვალამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 703 000 ლარია და სამუშაოებს შ.პ.ს "ჯეუ გრუპი" ასრულებს.