ყაზახეთის ელჩი: ”ყაზახეთმა ბათუმის პორტში საქმიანობა უნდა გაააქტიუროს”

ყაზახი ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებას ახდენენ და ყაზახეთმა კიდევ უფრო უნდა გაჭრას გზა შავ ზღვაში ბათუმის პორტის გავლით.

ამის შესახებ საქართველოში ყაზახეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ერმუხამეტ ერტისბაევმა ყაზახურ გამოცემა Today.az-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ყაზახეთი ერთ დროს პირველ ადგილს იკავებდა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციებით და ეს ჯერ კიდევ 2005 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც საქართველოში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი ვიზიტი შედგა.

"ყაზახეთმა 40 წელზე მეტი ვადის იჯარით აიღო ბათუმის პორტი და ვფიქრობ, ახლა საჭიროა ამ პორტის საქმიანობის მკვეთრი გააქტიურება, რადგან რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ყაზახეთის ეკონომიკასაც დარტყმას აყენებს. ჩრდილოეთის გზა კი, რომელიც რუსეთზე გადის, პრობლემური ხდება. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ალტერნატივა. ჩვენმა პრეზიდენტმა ეს დიდი ხნის წინ გათვალა და ამიტომ ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო შავ ზღვასთან მისასვლელი გზის გაჭრა," – განაცხადა ყაზახეთის ელჩმა.

ერმუხამეტ ერტისბაევის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში გაცილებით გაიზარდა ყაზახი ტურისტების რიცხვი, ასტანა-თბილისის პირველი რეისი კი მათ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. მისივე თქმით, პირველ რეისზე, რომელიც 2015 წლის 2 ივნისს არის დაგეგმილი, ბილეთები ფაქტობრივად, აღარ არის.

"საქართველო ახლა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყაზახებმა, რომელთაც მსოფლიო მოიარეს, აღმოაჩინეს საქართველო. საქართველოში მომსახურების ფასები, ისევე როგორც სასტუმროს ფასები, 2-3-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში. ქართული სამზარეულო მსოფლიოს არცერთი ქვეყნის სამზარეულოს არ ჩამოუვარდება ხარისხით, ქართული ღვინო კი საუკეთესოა. საქართველოში დასვენება ერთი დიდი სიამოვნებაა", - აღნიშნა ყაზახეთის ელჩმა.

ერმუხამეტ ერტისბაევის განცხადებით, ბევრი ყაზახისთვის ბათუმი საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა და უამრავი ყაზახი ბიზნესმენი ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში.