"რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოს რკინიგზის ტრანზიტად გამოყენებისადმი დაინტერესება დიდია"

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოს რკინიგზის ტრანზიტისთვის გამოყენების მეტი დაინტერესებაა.

ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განუცხადა. მისი თქმით, ამაში არაფერი ახალი არ არის, ეს მუშაობა და სატრანზიტო გადაზიდვები რუსეთიდან საქართველოს რკინიგზის საშუალებით წლებია მიმდინარეობს და ეს პროცესი არ შეფერხებულა. "უფრო კონკრეტულად, ალბათ, რკინიგზის სამსახური მოგაწოდებთ ამ საკითხზე ინფორმაციას, მაგრამ ახალი არაფერი არ არის. ეს ხდებოდა, ხდება და კიდევ უფრო მეტი დაინტერესებაა, რამდენადაც მე ვიცი, რუსული კომპანიებიდან, რომ ეს სატრანზიტო მიმართულება უფრო მეტად იყოს მათი მხრიდან გამოყენებული. ეს დაკავშირებულია ჩვენს საზღვაო ფორტებთან; ასე რომ, საინტერესო თემაა და საინტერესო პერსპექტივა აქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება, შეიძლება თუ არა მოხდეს რკინიგზის რაიმე მონაკვეთის გასხვისება, აბაშიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის წინ აბაშიძე აპირებს, რომ შეხვდეს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში, თუ მათაც რაიმე საკითხი აქვთ გასავლელი რუსულ მხარესთან.