პრემიერმა თბილისის მერს იმ ახალგაზრდის დასაქმება შესთავაზა, რომელიც მოხალისეებს ტაქსით უსასყიდლოდ ემსახურება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოხალისეები, მაშველები, სპორტსმენები და ყველა ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს, დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა კონკრეტული პირებიც დაასახელა და მათი დახმარების შესახებ თბილისის მერს, დავით ნარმანიას მოუწოდა.

"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონ დავითს კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ. ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა უპრეცედენტო სოლიდარობის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის მერისგან მოხალისეების კვების საკითხითაც დაინტერესდა. "თვალი მოვკარი, თითქოს მოხალისეებს არ აქვთ კვება, საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ, რომ არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა. თბილისის მერის ინფორმაციით, საკვების არასაკმარის ოდენობასთან დაკავშირებით იყო გაურკვევლობა, რადგანაც მოხალისეები იყვნენ თვითორგანიზებული და ასეთ დროს ვერ ახერხებდნენ კვებას. "მე როდესაც მივიღე ინფორმაცია, მათ 15 წუთში წყალი ჰქონდათ და თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოგვარდა კვების პრობლემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.