მოკლევადიან პერსპექტივაში ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის დროებითი აღდგენის საკითხი განიხილება

მოკლევადიან პერსპექტივაში ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის დროებითი აღდგენის საკითხი განიხილება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგეგმება პროექტის განხორციელება, - აღნიშნულ თემაზე სპეციალური სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის პირველი ხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანია ამბობს, რომ კომისია იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. "მნიშვნელოვანია არსებული გზის და მისი გამტარუნარიანობის შესწავლა და დროებითი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც კომისია იმსჯელებს. მეორეა უფრო გრძელვადიანი საკითხი, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამომავლოდ პროექტი, რათა შესაძლო უხვი ნალექის პირობებში იგივე საფრთხის წინაშე არ დავდგეთ. ამჟამად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება აღვადგინოთ არსებული გზა და რა რესურსებია საჭირო ამისთვის. მეორეს მხრივ, პარალელურ რეჟიმში ძალიან ბევრი უწყების ჩართვით ვიმუშავებთ გრძელვადიან პროექტზე. გრძელვადიანი თვალსაზრისით აუცილებელი იქნება პროექტის ცვლილება და სხვა ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა.

ასევე, დავით ნარმანიას ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ცალკე სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ვერეს ხეობაში განსახლების საკითხთან დაკავშირებით.