თბილისში არსებული მდინარეების ბუნებას შეისწავლიან

თბილისში არსებული მდინარეების ბუნების შესწავლა განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.  როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მდინარის ჭალებში მშენებლობა არ შეიძლება. მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ერთი ნებართვაა გაცემული და მშენებლობა მიმდინარეობს, მეტი ნებართვა გაცემული არ არის.

"ჩვენ დამოუკიდებლად მოგვიწევს ამ კომპანიასთან საუბარი და მათაც უნდა მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს კიდევ ახალი ზონა. არსებობს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, საცხოვრებელი, სამეწარმეო ზონა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაღალი რისკის შემცველი ზონა გავაჩინოთ კანონმდებლობაში და ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. გავა თუ არა ეს ბოლომდე, მე ეს არ ვიცი, მაგრამ იდეის დონზე ეს დაძრულია და ვფიქრობთ, რომ რა მიმართულებითაც ბუნებამ გვაჩვენა, რომ ეს არის საშიში, მას უნდა მიენიჭოს ეს ზონა და ყველამ იცოდეს, რომ იქ ცხოვრება არის ასეთი. იქნება სკვერი. დღისითაც დავაყენებთ ადრეული შეტყობინების სისტემას და თუ რამე მოხდა, დღისითაც გავიყვანთ იქიდან ხალხს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, თბილისში ბევრი სხვა მდინარეცაა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ღვარცოფიანია და კომისიის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ მდინარეების ბუნების შესწავლა მოხდეს. "მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრობლემა შეგვექმნა ვერეს ხეობაში, გვქონდა პრობლემა გლდანულაზე, დიღმულაზე. ესენი თავიანთი ბუნებით მთის მდინარეებია და შესაბამისად, მათ სჭირდებათ გაფრთხილება, რადგან ძალიან სწრაფად კრებს წვიმის წყალს და შესაბამისად, მერე ერთობლივად ჩამოაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათი ბუნება იქნება შესაწავლილი და ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები მიღებულია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.