დავით ნარმანია: თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს

თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, დარგის სპეციალისტებსა და კომისიის წევრებთან ერთად ვერეს ხეობის განვითარებასა და სატრანსპორტო გზის გახსნაზე იმსჯელეს.

დავით ნარმანიას თქმით, გზის პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად არის გადასაწყვეტი, რადგან სექტემბერში, როდესაც ხალხი დედაქალაქში ჩამოვა, შეიქმნება სატრანსპორტო კოლაფსი. "თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს. როგორც კი უახლოეს დღეებში ნაშალი მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება დამთავრდება, ჩვენ მზად გვექნება შესაბამისი აღგენითი პროექტები უბნების მიხედვით და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა იყოს აღდგენილი. სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქალაქში არ იქნება გაუთავებელი საცობები და არ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს", - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა ოთხშაბათისთვის დაინიშნა, სადაც იქნება კონკრეტული წინადადებები და კონცეფტუალური ხედვები წარმოდგენილი. "იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინტენსიური წვიმები, ვიდრე არ გვექნება გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი მდინარე ვერეს ხეობაში სატრანსპორტო გზისა, მანამდე იქნება ჩაკეტილი დროებით სატრანსპორტო მოძრაობა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძლიერი წვიმა", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას, ნარმანია განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მომზადდეს განსახლების გეგმა და ამაზე მუშაობა დედაქალაქის მერიაში უკვე დაწყებულია.