გეოლოგიური პროექტი - გაითვალისწინებს თუ არა სახელმწიფო სპეციალისტების რეკომენდაციებს

"აუცილებელია თბილისის მიდამოებში გეოლოგიური აგეგმვა ფართო მასშტაბებზე მოხდეს"

13 ივნისს მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით, 19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ კატასტროფა ბუნებრივმა სტიქიურმა მოვლენებმა განაპირობა, რომელსაც წინა დღეებში მოსული უხვი ნალექი უძღვოდა. თუმცა სპეციალისტების თქმით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიების შემთხვევაში, მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ მიზნით, გეოლოგებმა, ჰიდროლოგებმა, საინჟინრო გეოლოგებმა, გეოფიზიკოსებმა, ამ დარგის სპეციალისტებმა გეოლოგიურ პროექტზე მუშაობა დაიწყეს, რომელსაც მოკლე ხანში მთავრობას შესთავაზებენ.

როგორც bpn-თან საუბარში გეოლოგ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ აღნიშნა, აუცილებელია თბილისის მიდამოებში გეოლოგიური აგეგმვა ფართო მასშტაბებზე მოხდეს.

"პროექტს ვამზადებთ, რომელიც გეოლოგიური აგეგმვის უფრო მსხვილს მასშტაბებს, ჰიდრო გეოლოგიურ შეფასებას გულისხმობს. სამთავრობო და სამეცნიერო ფონდებს შევთავაზებთ, თუ დააფინანსებენ, ამ საქმეში ჩავერთვებით, რადგან სახელმწიფო გეოლოგიური სტრუქტურები იმ სამუშაოებს, რაც დღეს ჩვენს წინაშეა, ვერ აუდიან. საქართველოში თითქმის ყველა მიმართულების, მაღალი დონის სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ამდენად, ჩვენს ქვეყანას უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა არ უნდა დასჭირდეს. ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ ვერეს ხეობაში მცირე ზომის დამბის მაგვარი კაშხალი აშენედება, რომელიც მსგავსი ბუნებრივი მოვლენის დროს ჩამოტანილ დიდი რაოდენობის ნაშალს შეაკავებს. სხვათა შორის, მსგავსი პროექტი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერების რეკომენდაციებიც არსებობდა", - ამბობს ფოფორაძე.

მისივე თქმით, გეოლოგიური თვალსაზრისით, თბილისი საკმაოდ კარგად შესწავლილი იყო. თუმცა, საჭიროა ახალი მონაცემების აღება და გარკვეული საკითხების ხელახლა დაზუსტება. პროექტში ეს საკითხებიც იქნება გათვალისწინებული.

"ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო გეოლოგების საჭიროება. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ამ დარგის და სპეციალისტების განვითარებას ხელი შეუწყოს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის მინერალური რესურსები გვაქვს, რომელიც ხელახლა შესწავლას, ინვენტარიზაციას საჭიროებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გეოლოგია პრიორიტეტულ სპეციალობად გამოაცხადოს, ხოლო ამ ფაკულტეტზე სწავლება დააფინანსოს", - დასძინა ფოფორაძემ.

გაითვალისწინებს თუ არა სახელმწიფო გეოლოგების რეკომენდაციებსა და მათ მიერ მომზადებულ პროექტს, ამის შესახებ ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

სალომე გოგოხია