გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო უწყების ინიციატივით გამართულ სემინარში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართულ ცოდნისა და გაზიარების ორდღიან სემინარში იღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან თანამშრომლობითა და პოლონეთსა და საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მიმდინარე პროექტის "პოლონეთი - გლობალური განვითარების პარტნიორი" ფარგლებში. სემინარის მიზანია გამოცდილების გაცვლა პოლონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მათ შორის, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით.

ღონისძიებას, რომლის მონაწილეებიც დღეს საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე მსჯელობენ, ესწრებიან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.