პაატა ზაქარეიშვილი: როგორც მიმდინარეობს თბილისი-მთვარეს რკინიგზაზე მუშაობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთის გავლით რკინიგზაზეც

როგორც მიმდინარეობს თბილისი-მთვარეს შორის რკინიგზაზე მუშაობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთის გავლით რკინიგზაზეც, - ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.  თუმცა, ამავდროულად, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მომხრე იქნებოდა ასეთი დისკუსიის, ვინაიდან რაც მეტი რკინიგზა, გვირაბი, თუ ხიდი გადის სახელმწიფოში, მით უფრო მდიდარია ქვეყანა.

"რამდენი ხანი უნდა იყოს ამ თემაზე ლაპარაკი. არაფერი არ ხდება. როგორც მიმდინარეობს თბილისი-მთვარეს შორის რკინიგზაზე მუშაობა, ისე მიმდინარეობს ამ რკინიგზაზეც. საერთოდ არაფერი ხდება, საიდან გახსენდებათ ხოლმე ჟურნალისტებს ეს საკითხი. კარასინი არ არის ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე და რატომ გვიქმნის დღის წესრიგს ჩვენ შიგნით, არ ვიცი. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ რაღაც იყოს, მაგრამ არაფერი არ ხდება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რისი მომხრეა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მომხრეა ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხილვის, თუ ეს პოლიტიკურად გამართლებულია".  "მე არ მეხება რკინიგზა, მე რკინიგზელი არ ვარ, მაგრამ ზოგადად არაფერი არ ხდება, თუმცა ქვეყანაში რაც უფრო მეტი რკინიგზა, გვირაბი და ხიდი იქნება, სახელმწიფო უფრო მდიდარი იქნება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეფექტურია რუსეთთან ორმხრივ დიალოგში ზურაბ აბაშიძე, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ აბაშიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია საქართველოში და აღნიშნული ფორმატის შექმნით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები სერიოზულად წინ წავიდა.