საპარტნიორო ფონდმა ჩინელ ბიზნესმენებს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინეთის Dongfang Electric International Corporation-ის ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კორპორაციის ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის - Geo Invest Inc-ის წარმომადგენლებიც.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნეს გარემოს სწავლობენ. რადგან მათი ინტერესის ძირითადი სფერო ენერგოსექტორი და ამ სექტორში მიმდინარე პროექტებია, საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა სწორედ ამ სექტორში მიმდინარე, ფონდის ორი უმსხვილეს პროექტი - 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის და 230 მგვტ-იანი გარდაბანის შერეული ციკლის თბოსადგურის პროექტები. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფონდის პროექტებში ჩართვის პროცედურები გააცნო.

"Dongfang Electric International Corporation-ი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა და წარმოადგენს მსხვილ ბიზნესგაერთიანებას ქვეყანაში. იგი დაფუძნდა 1958 წელს და მისი ჯამური აქტივები შეადგენს 17 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბრუნვაა 7.3 მილიარდი აშშ დოლარი. კორპორაციას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს მსხვილ პროექტებს. რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და ნაწილობრივ, "თელასის" აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა", -ნათქვამია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.