მეტროსადგურ "დიდუბისა" და ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება

მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა ნაწილისა და ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიის გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება. მათივე განმარტებით, 10 000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.

დავით ნარმანია ადგილობრივ მოვაჭრეებსა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც ესაუბრა. მათი თქმით, გზის რეაბილიტაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს. "პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა წყალმომარაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია. ასფალტის ახალი საფარი 10 000 კვ. მ-ზე მოეწყობა", - აცხადებენ მერიაში.

მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა ნაწილის და ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოებს კი შპს "ნდს მშენებლობა" და შპს "საგზაო კომპანია" ასრულებენ.