სარფის საბაჟოზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი 22 სარეკლამო ბანერი განთავსდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბაჟო გამშვებ პუნქტზე - სარფის საბაჟოზე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი 22 სარეკლამო ბანერი განთავსდა.

სარეკლამო ბანერები ქვეყნისა და რეგიონის ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ფესტივალებსაც მოიცავს. "ამიერიდან, თურქეთის საზღვრით შემოსულ ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ იხილონ ბათუმის ულამაზეს ხედებთან ერთად მაღალმთიანი აჭარის, ქართული ღვინისა და სამზარეულოს, თბილისის, იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ქართული კულტურული ძეგლებისა და ფესტივალების ამსახველი ფოტოები. ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია იქვე არსებულ სარფის საბაჟოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში - http://gobatumi.com/ge/travel-information/tourist-information-centres", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოდის. "აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მხარდაჭერა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა გაუწია", - განმარტავენ უწყებაში.