საბერძნეთს დღეს ვალის გადახდის ვადა ეწურება

საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დღეს 1,6 მილიარდი ევროს დავალიანება უნდა გადაუხადოს. დღესვე იწურება საბერძნეთისთვის საერთაშორისო დახმარების არსებული პროგრამის ვადა. არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, საბერძნეთს დეფოლტი და ევროზონის დატოვება მოუწევს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, კვირას გასამართ რეფერენდუმში მხარი არ დაუჭირონ საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებს. თავის მხრივ, გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ საერთშორისო კრედიტორთა შეთავაზების უარყოფას, სავარაუდოდ, საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება მოჰყვება. თუმცა, ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ საბერძნეთს არ სურს ევროზონის დატოვება.

გუშინვე საბერძნეთში ყველა ბანკი დაიხურა. „ბიბისის“ ცნობით, ბანკებმა მუშაობა 7 ივლისამდე შეაჩერეს. კვირის განმავლობაში საბერძნეთში დახურული იქნება საფონდო ბირჟაც. "ბიბისის" ინფორმაციით, ხელისუფლებამ ასევე ლიმიტი დააწესა ბანკომატიდან ფულის მოხსნაზე და მომხმარებელს დღეში მხოლოდ 60 ევროს მოხსნის უფლება დაუტოვა. ასევე დროებით აიკრძალა ფულადი გადარიცხვები სხვა ქვეყნებთან, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და წინასწარ შეთანხმებული კომერციული ტრანზაქციებისა.

„ბიბისის“ ცნობით, საბერძნეთში არსებული მოვლენების ფონზე, ევროპისა და აზიის საფონდო ბაზრებზე გუშინ მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. ევრო დოლართან მიმართებაში 2%-ით გაუფასურდა.

საბერძნეთში საქართველოს რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს საქართველოში აგზავნიან. საქართველოს ეროვნული ბანკის მაისის თვის მონაცემებით, მაისში საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით, რუსეთის შემდეგ საბერძნეთი მეორე ადგილზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საბერძნეთიდან საქართველოში 15,344.9 დოლარი ჩაირიცხა.

5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორების შეთავაზებას ვალთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე.