ბათუმში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების კონფერენცია გაიმართება

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ორგანიზებით, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიების რიგით მე-19 კონფერენცია (19TH MBSHC) გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონფერენციას საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრება 60 დელეგატი ქვეყნებიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი, ეგვიპტე, ისრაელი, მონაკო, ალჟირი, საბერძნეთი, მალტა, კვიპროსი, მაროკო, ლიბანი, ირანი, ტუნისი, ხორვატია.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს სამთავრობო უწყებები. კონფერენციის თემაა - ხმელთაშუა და შავი ზღვების აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული და ქაღალდის რუკების წარმოება. "კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნისთვის. ამასთან, უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასა და მდგრად განვითარებასთან", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.