საქართველოს ელჩი საბერძნეთში: საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო და საკონსულოები მუშაობას აგრძელებენ

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთიდან საზღვარგარეთ გადარიცხვები პრაქტიკულად შეჩერებულია.

როგორც იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, საბერძნეთში საბანკო სექტორისთვის 6 დღიანი უქმეებია გამოცხადებული 5 ივლისის რეფერენდუმამდე და ყველა ბანკი დაიხურა. როგორც ელჩმა განმარტა, საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ბანკომატიდან დღეში მხოლოდ 60 ევრო გამოიტანონ. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს და საზღვარგარეთული საბანკო ბარათის მფლობელებს, მათ შეუძლიათ, თანხა ჩვეულებრივად გამოიტანონ და მათთვის ეს შეზღუდვა არ არის.  "ქვეყნის შიგნით, გადარიცხვები, უნაღდო ანგარიშსწორება არის შეუზღუდავი, სამაგიეროდ აბსოლუტურად არის შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადარიცხვები. ველოდებით 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგებს. დამაიმედებელია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა, რომ საბერძნეთის განვითარება და საბერძნეთის შემდგომი რეფორმები მხოლოდ ევროზონის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ ამ სახის კრიზისი, რომელიც ბანკების სრულად დახურვას უკავშირდება, მომავალი კვირიდან მოიხსნება, მხარეები ისევ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და საბოლოოდ ურთიერთმომგებიანი შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

რაც შეეხება საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს საელჩო და საკონსულოები ათენში და სალონიკში ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას.  "როგორც დიასპორული ორგანიზაციების საშუალებით, ასევე საქართველოს საელჩოს "ფეისბუქ" გვერდის საშუალებით, ვაწვდით ოპერატიულად ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რაც ჩვენს მუშაობაში შედის. ამ მომენტისთვის ყველა მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება საბანკო გადარიცხვებს, მიმდინარეობს ჩვეულებრივად, საკონსულო მომსახურებას ვგულისხმობ. მომსახურების ის სერვისები, რომელსაც სჭირდება საბანკო გადარიცხვები, ცხადია, არის შეჩერებული. მიღებები საკონსულოებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. საკონსულოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად ემსახურებიან მოქალაქეებს", - განაცხადა ელჩმა.