როგორ მივიდა საბერძნეთი კრიზისამდე - ქვეყანას, შესაძლოა, ევროზონა დაატოვებინონ

რა არის მწვავე კრიზისის მიზეზი?

ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც გაკოტრების პირასაა -  საბერძნეთს 24 საათზე ნაკლები დრო დარჩა იმისათვის, რომ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს. თუმცა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი აცხადებს, ათენი ვერ შეძლებს ვალის დაბრუნებას.  7-წლიანი ეკონომიკური პრობლემები პიკს აღწევს.

ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფლიოსა და ევროკავშირში წლების წინ დაწყებული კრიზისის გამო, შესაძლოა, ევროზონის დატოვება მოუწიოს. მოსახლეობა პანიკაშია. გასულ კვირას ბანკებთან და ბანკომატებთან რიგები არ წყდებოდა. მოქალაქეებმა მასობრივად დიდი რაოდენობის თანხა გაიტანეს, რის გამოც საფრთხე დაემუქრა ბანკებსაც. აღნიშნულის გამო ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანაზე კი დღიური 60 ევროს ოდენობის ლიმიტი დაწესდა. დაიხურა საბერძნეთის საფონდო ბირჟაც. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა ქვეყნის საბანკო სექტორის რეიტინგი მნიშვნელოვნად შეამცირა.

როგორ მივიდა საბერძნეთის ეკონომიკა ამ მდგომარეობამდე? რა არის მწვავე კრიზისის მიზეზი? რა დათმობებს ითხოვენ საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის მთავრობისგან და როგორია ათენის პირობები?

საბერძნეთში კრიზისი 2008 წელს დაიწყო მაშინ, როდესაც მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგა. თუმცა, ყველაზე მწვავედ ეს საბერძნეთს შეეხო. ამის მიზეზად საერთაშორისო ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის მაშინდელი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, კორუფციას, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას, არასაკმარის ბიუროკრატიას. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკური პრობლემები გაცილებით ადრეულ პერიოდს უკავშირდება მაშინ, როდესაც 2001 წელს საბერძნეთი ევროზონას შეუერთდა. ამ გაერთიანებაში შესვლა არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს, თუმცა, მიღების დროს საბერძნეთი ამ კრიტერიუმებისგან შორს იდგა, რისი უარყოფითი შედეგებიც მოგვიანებით გამოვლინდა.

2009 წელს საბერძნეთში კრიზისი გამწვავდა.

მთავრობამ მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღება დაიწყო. გაიზარდა გადასახადები, შემცირდა პენსიები და ხელფასები, ასევე შეამცირეს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა რიცხვი, შედეგად მოიმატა უმუშევრობის დონემ.

2010 წელს საბერძნეთში მასობრივი გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ევროზონის ქვეყნებმა ათენისთვის პირველი კრედიტი გადაეცათ იმისათვის, რომ იგი დეფოლტისგან გადაერჩინათ. დამატებითი ეკონომიკური რეფორმების სანაცვლოდ, დამტკიცდა 110 მილიარდ ევროს ოდენობის სესხი.

კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 2011 წელს, როდესაც მორიგი ეკონომიკური რეფორმების სანაცვლოდ ევროზონის ლიდერები ათენს ვალის 50%-ის ჩამოწერას დაჰპირდნენ. ამას მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა. რაც მაშინდელი პრემიერის, გეორგიოს პაპანდრეუს თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა. 2012 წელს კი საბერძნეთის ახალი მთავრობა დათანხმდა ევროზონის მოთხოვნებს და შედეგად მორიგი კრედიტი - 130 მილიარდი ევრო მიიღო. ამას პროტესტის მორიგი ტალღა მოჰყვა. 2013 წელს საბერძნეთში უმუშევრობის დონემ 26.8 %-ს მიაღწია, 2014 წელს კი 28 %-ს, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვითარება კიდევ უფრო ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის დასაწყისში საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკურად განწყობილმა პარტია ”სირიზამ” გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი საერთაშორისო კრედიტორების მიმართ ”ლოიალური” არ აღმოჩნდა. ის სავალო შეთანხმების გახანგრძლივების სანაცვლოდ, უარს აცხადებს მორიგი მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებაზე. თავის მხრივ არც კრედიტორები არ მიდიან დათმობაზე და საბერძნეთის დახმარების სანაცვლოდ საკუთარ პირობებს არ ცვლიან. ამგვარად, მიუხედავად დაახლოებით ერთთვიანი მოლაპარაკებებისა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც საბნერძნეთის პრემიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობას ანდო და 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

ალექსის ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს საყოველთაო გამოკითხვის დროს არ დაუჭირონ მხარი საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებს. მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი დათანხმდება მორიგ ეკონომიკურ რეფორმებს, იგი თანამდებობას დატოვებს. თავის მხრივ ევროზონის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ საბერძნეთში კვირას დაგეგმილ რეფერენდუმზე გადაწყდება, რომ მოსახლეობა მათ წინადადებას მხარს არ უჭერს, მაშინ ქვეყანას ევროზონის არეალის დატოვება მოუწევს.

მოსახლეობა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. ბერძენი ხალხი გადარჩენის გზებს ეძებს. ყველაფერი კი 5 ივლისის რეფერენდუმზე გადაწყდება. პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე კი რთულია.

თამთა ჯიჯავაძე