საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობებზე მიდის

საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებთან გარკვეულ დათმობებზე მიდის, - ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. როგორც ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა კრედიტორებს წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ის მზადაა ევროზონის პირობების უმრავლესობას დათანხმდეს. თუმცა, ციპრასი ითხოვს, რომ კრედიტორების ორ პირობაში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, საბერძნეთს სურს, რომ კუნძულებისთვის დღგ-ის რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს.

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებს ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. თავის მხრივ, ევროზონის ლიდერები ათენს მათ მიერ შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ ვალის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.