საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებაში განცხადება გაკეთდა

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯები კი განისაზღვრება იმით, რა აუცილებლობის წინაშეც დადგებიან იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ასეთ ღონისძიებებს სამინისტრო საბერძნეთში შექმნილი მართლაც უკიდურესი მდგომარეობის გამო ატარებს.  "ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. 5 ივლისს საბერძნეთში დანიშნულია რეფერენდუმი. ეს არის პირველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრება იმით, თუ რა შედეგით დამთავრდება რეფერენდუმი და ასევე იმ აუცილებლობით, რის წინაშეც დადგებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება.