საბერძნეთი ყოველდღიურად 50 ათასამდე ტურისტს კარგავს

ბოლო კვირის განმავლობაში, საბერძნეთის სასტუმროებში ტურისტების რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 50 ათასით შემცირდა.

საბერძნეთის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის ანდრეას ანდრეადისის განცხადებით, თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, მკვეთრად დაზარალდება შრომის ბაზარი, ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის მშპ-ზე. ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, მოგზაურობისგან თავს იკავებენ თავად ბერძნებიც. ანდრეას ანდრეადისის განაცხადებით, ტურისტები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბერძნეთში საბანკო ბარათით გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებთან.

საბერძნეთის ტერიტორიაზე ბანკები 7 ივლისამდე არ იმუშავებენ. ადგილობრივებს დღეში ბანკომატიდან მხოლოდ 60 ევროს გატანა შეუძლიათ. თუმცა, ეს შეზღუდვა ტურისტებზე არ ვრცელდება. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, გაითვალისწინოს თუ არა საბერძნეთმა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 25 ივნისს წამოყენებული ორნაწილიანი პროექტის პირველი ნაწილი - "რეფორმები მიმდინარე პროგრამის დასრულებისთვის და მის შემდეგ" და მეორე ნაწილი - "ვალის მდგრადობის წინასწარი ანალიზი".

30 ივნისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა.