კახა კალაძე: ხუდონჰესთან დაკავშირებით სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს კომპანიისგან 20% გამოისყიდოს

ხუდონჰესთან დაკავშირებით სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს კომპანიისგან 20% გამოისყიდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხუდონჰესი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია.

"ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მონაწილეობს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში, შედგა მოლაპარაკება და სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოახდინოს 20%-ის გამოსყიდვა კომპანიისგან, ეს იქნება დაწყებით ეტაპზე, თუ პროექტის განხორციელების დროს. ასე რომ, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული, სადაც იქნება ახალი შეთანხმებები ჩადებული, რომელიც თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას საპარტნიორო ფონდი, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.