"ტურისტების რაოდენობის მხრივ, 2015 წელი ჯამურად უკეთესი იქნება, ვიდრე 2014 წელი"

2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით მეტია, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ სასტუმრო "რუმს"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 197 537 შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია გასული წლის ივნისთან შედარებით.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საფრთხე, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობა და მსოფლიო მედიაში გავრცელებული დატბორილი ქალაქის კადრები უარყოფით გავლენას მოახდენდა ტურისტების ნაკადზე დიდი იყო, თუმცა მასშტაბურმა საერთაშორისო მარკეტინგულმა კამპანიამ დადებითი შედეგი მოიტანა. "კამპანია გულისხმობს ცხრა მიზნობრივ ბაზარზე ზაფხულის სეზონისთვის საქართველოს რეკლამირებას, ასევე CNN-სა და "ევრონიუსზე" საიმიჯო რგოლის გაშვებას და ეს კამპანია უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, ვიმუშავეთ სპეციალური გეგმით კრიზისის პერიოდშიც. წყალდიდობის შემდეგ დაიგეგმა პრესტურები, სადაც უცხოელ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი თვალით ენახათ, რომ მთავრობამ უმოკლეს ვადებში შეძლო აღმოეფხვრა სტიქიის შედეგები. ხორციელდებოდა მუდმივ რეჟიმში ინდივიდუალური კომუნიკაცია ტურისტულ კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2015 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან გამხორციელდა. მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის.  "ივნისის თვეში განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2015 წელი ჯამურად უკეთესი წელი იქნება ვიდრე 2014 წელი, რომელიც რეკორდული იყო საქართველოს ისტორიაში ტურისტების რაოდენობის მხრივ.  "ამ ზრდაში ლომის წილი შეიტანა საერთაშორისო აქტივობებმა, რომელსაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ახორციელებს. ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიური და კომპლექსური საერთაშორისო აქტივობების განხორციელებას და მომავალ თვეებში საქართველოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა. ამას მოწმობს ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა 6 თვის მონაცემებითაც", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ ამ პერიოდში 2 332 303 შეადგინა. ზრდამ კი 3,5%. 6 თვის მონაცემებით ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).