გიორგი აბაშიშვილი: საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობები ახალ ფაზაში შედის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.  მისივე განმარტებით, ამას მნიშვნელოვანი წინაპირობა შეუქმნა ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასული წლის დეკემბერში თურქმენეთში განხორციელებულმა ვიზიტმა, ხოლო მეორე მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტის ჩამოსვლამ საქართველოში.

რაც შეეხება საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, აბაშიშვილის თქმით, ძირითადად ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე.  "ძირითადი საკითხები, რაზეც აქცენტი გაკეთდა, შეეხება სწორედ ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაადგილებასთან საქართველოს ტერიტორიაზე. აქ არის ლაპარაკი არა მხოლოდ თურქმენეთიდან, არამედ მთლიანობაში აზიიდან მომავალ ტვირთებზე, რომლებიც გადმოკვეთს თურქმენეთს და შემდეგ საქართველოს, ქართული პორტების გავლით მოხვდება ევროპაში. ასევე, საუბარი შეეხო თურქმენული რესურსების, ენერგომატარებლების გადაადგილებას ევროკავშირის მიმართულებით. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის შემდგომი ტრანსპორტირება, სადაც საქართველოს როლი განსაკუთრებულია. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს და ბუნებრივია, ახლა უკვე საქართველო ერთვება ამ დიალოგში. ეს კიდევ უფრო გაზრდის, ერთი მხრივ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, საქართველოს როლს რეგიონში", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან პროექტსაც, როგორიცაა ლაპის ლაზულის პროექტი. "საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც გულისხმობს ტვირთბრუნვის გაზრდას რეგიონში და აზიური ტვირთების გადაადგილებას ევროკავშირის მიმართულებით. ამ კუთხით იქნა განხილული ლაპის ლაზულის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო დერეფანის შექმნას რეგიონის ქვეყნების და მათ შორის ავღანეთის ჩართულობით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.