"სეთ-თოფ-ბოქსებით" შეუფერხებლად უზრუნველყოფის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ მომხმარებლების "სეთ-თოფ-ბოქსებით" შეუფერხებლად უზრუნველყოფისა და საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გამართა. შეხვედრას საბანკო სექტორი მსხვილი სავაჭრო ობიექტებისა და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული სიგნალის სპეციალური მიმღები მოწყობილობების - ე.წ.სეთ-თოფ-ბოქსების ლოგისტიკისა და დისტრიბუციის საკითხებზე და ასევე ამ აპარატურის შესაძენად საქართველოს ბანკების მხრიდან მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შესაბამისი კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის დროულად გადაწყვეტის მზაობა გამოთქვა, რის თაობაზეც მოსახლეობას უახლოეს პერიოდში მიეწოდება სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სადისტრიბუციო ქსელებს "სეთ-თოფ-ბოქსების" საკმარისი მარაგი გააჩნიათ და დეფიციტი ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.

შეხვედრაზე განხილული და შეჯამებული იქნა ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველი დღის შედეგები და აღინიშნა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში განლაგებულ სადისტრიბუციო ქსელებს, ანალოგური სიგნალის გათიშვის პირველ დღეს, სერვისის მიწოდებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ჰქონიათ, დაფიქსირებულ იქნა მხოლოდ რიგები, რომელიც განპირობებული იყო "სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენისას მოსახლეობის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე.

აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე-2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს, 10:00 საათზე, შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი და ხაშური.  "შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვთხოვთ, დროულად უზრუნველყონ ე.წ. სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენა, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.