"საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო Holiday Inn-ში დღეს "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამინისტრო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას ახორციელებს.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, საზოგადოებისათვის "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. პრეზენტაცია დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გახსნა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს.  "სამინისტრომ "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის ფარგლებში, 400 000 ლარი გრანტების სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცა, რისი მიზანიც იყო, ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარება და გაძლიერება. სამინისტრო მიზნად ისახავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა გეოგრაფიული არეალიდან დაბრუნებული ქართველი მიგრანტებისთვის, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის კუთხით, მხარდაჭერისა და დახმარების ერთიანი მექანიზმის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება დაბრუნებული მიგრანტებისთვის სრულყოფილი ინდივიდუალური სარეინტეგრაციო პროგრამების შეთავაზება. სახელმწიფოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტებზე ზრუნვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ეს პროცესი შეუქცევადია და სამინისტრო არ დაიშურებს ძალისხმევას დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში სრულყოფილი და ღირსეული რეინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სამინისტროში განამარტავენ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დაბრუნებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები და ექნებათ ხელშეწყობა მცირე საგრანტო პროექტების განსახორციელებლად.