S&P - ევროზე უარის შემთხვევაში, საბერძნეთის ეკონომიკა 20%-ით შემცირდება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-ის პროგნოზით, საბერძნეთის ეკონომიკა ოთხი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდება, თუ ქვეყანა ევროზონას დატოვებს.

S&P-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, საბერძნეთის საბანკო სისტემა ვერ იფუნქციონირებს ევროპის ცენტრალური ბანკის დახმარების გარეშე.

”გარდა ამისა, არსებობს ეროვნულ ვალუტაზე გადასვლის მნიშვნელოვანი რისკები. ევროსთან მიმართებაში საბერძნეთის ეროვნული ვალუტა მალე გაუფასურდება, რის გამოც ევროპულ ვალუტაში ნომინირებული საბერძნეთის ვალი მკვეთრად გაიზრდება”, - აღნიშნავენ სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსები.

მათივე განცხადებით, ევროზონის სხვა სახელმწიფოები საბერძნეთის კრიზისის გამო არ დაზარალდებიან.

ევროზონის ლიდერები ათენისგან გადასახადების გაზრდას და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საბერძნეთს დამატებით 50 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

საბერძნეთის ტერიტორიაზე ბანკები 7 ივლისამდე არ იმუშავებენ. ადგილობრივებს დღეში ბანკომატიდან მხოლოდ 60 ევროს გატანა შეუძლიათ. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებმაც უნდა გადაწყვიტონ, გაითვალისწინოს თუ არა საბერძნეთმა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 25 ივნისს წამოყენებული ორნაწილიანი პროექტის პირველი ნაწილი - "რეფორმები მიმდინარე პროგრამის დასრულებისთვის და მის შემდეგ" და მეორე ნაწილი - "ვალის მდგრადობის წინასწარი ანალიზი".

30 ივნისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა.