მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს

საქართველოს მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საჯარო სამსახურის რეფორმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო.

"ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები, რომ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს, რომელიც იქნებოდა კარიერაზე და წინსვლაზე დაფუძნებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. მოგეხსენებათ, ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების შერჩევა, მათი დაწინაურება არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვება სამსახურიდან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და შექმნათ პროფესიული საჯარო სამსახური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან შესაბამისი კანონპროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს, ასევე ევროკავშირს, USAID-ს და ყველას, ვინც ჩართული იყო კანონპროექტის მომზადებაში. "ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ჩვენ მას ვადაზე ადრე დავასრულებთ. კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და მივიღებთ ამ კანონს, რომელიც იქნება უპრეცედენტო, მე ვიტყოდი რევოლუციური, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება მთელი სისტემა, ჩამოყალიბდება პროფესიული, ევროპული, თანამედროვე საჯარო სამსახური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.