გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სამინისტროს საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტმა ფაქტობრივად, ნახევარი სამინისტრო გარდაქმნა ქოლ-ცენტრად იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოემსახურონ მოსახლეობას და კითხვებზე პასუხები გასცენ.

"მოქალაქეებს ემსახურება მთელი ჩვენი სამინისტრო ფაქტობრივად, ბანკებთან შედგა შეთანხმება, რომ განვადებები იქნას ფართოდ გამოყენებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საბანკო ასოციაციას, ვინაიდან მიიღეს ეს წინადადება. ამასთან დაკავშირებით, დღეს სამინისტროში ბრიფინგია დაგეგმილი. გრაფიკს მივყვებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.