გიორგი აბაშიშვილი: თურქმენეთისთვის საქართველო განხილული იქნება უმთავრეს პარტნიორად

უმაღლეს პოლიტიკურ - პრეზიდენტების დონეზე მიღწეულია შეთანხმება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო განხილული იქნება უმთავრეს პარტნიორად, როგორც ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით გადაადგილების თვალსაზრისით, ისე სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის კუთხით, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ის კონკრეტული შედეგებით დასრულდა. "რამდენიმე საათის წინ დასრულდა თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და შეგვიძლია უკვე კონკრეტულ შედეგებზე ვილაპარაკოთ. უმთავრესი, რაც თამამად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ საქართველოსა და თურქმენეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით სატრანსპორტო-ეკონომიკური და ლოჯისტიკური თანამშრომლობის სფეროში, აბსოლუტურად ახალ სტადიაზე გადადის. უმაღლეს პოლიტიკურ, პრეზიდენტების დონეზე მიღწეულია შეთანხმება და არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო განხილული იქნება უმთავრეს პარტნიორად, ერთი მხრივ, ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით გადაადგილების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრად ფორმირებასთან დაკავშირებით თურქმენეთის მხრიდან გამოხატულ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიერ ''უფრო აქტიური ქმედებების განხორციელება'' უნდა მოჰყვეს. "ბუნებრივია, როცა თურქმენეთის მხრიდან არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი, საჭიროა საქართველოში უფრო აქტიური ქმედებების განხორციელება და უფრო აქტიური მუშაობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რათა საქართველომ ის შესაძლებლობა, რომელიც პრეზიდენტების დონეზე იქნა მიღებული, ეფექტურად გამოიყენოს", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილმა ის კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომელიც საქართველოს ჩართულობით განხორციელდება და ხაზი გაუსვა, რომ ისინი ჩვენ ქვეყანას არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს, პოლიტიკურ დაცულობასაც მოუტანს. "როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, არის თურქმენეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები, თურქმენული გაზის ევროკავშირში გადაადგილების საკითხზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოც აქტიურად იწყებს ამ პროცესში ჩართვას პროექტის შემდგომი რეალიზების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყანას დამატებით მოუტანს უმნიშვნელოვანეს სარგებელს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით. ამავე დროს, ამით საქართველო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს შეუძლია თურქმენეთს შესთავაზოს უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური პროექტების განხორციელება, მათ შორის ქართული პორტებით - ბათუმისა და ფოთის პორტებით სარგებლობა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც პრეზიდენტების ვიზიტის დროს გამოიკვეთა, შეეხებოდა სატრანსპორტო მიმართულებას, კერძოდ საუბარია ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებაზე, რომლის ინიციატივაც ავღანურ მხარეს ეკუთვნის და რასაც ''ლაპის ლასულის'' პროექტი ითვალისწინებს. ამ პროექტით გათვალისწინებულია ტვირთების გადაზიდვა ავღანეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ქვეყანას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დაცულობასაც უქმნის. ერთი სიტყვით, საქართველოს კონცეფციას - ქვეყანა ფორმირდეს სატრანზიტო დერეფნიდან ლოჯისტიკურ ჰაბად, თურქმენული მხარე მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, უმაღლეს დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის ფარგლებში გამოითქვა იდეა ქართულ-თურქმენული ერთობლივი ბიზნესფორუმის ჩატარების შესახებაც.