483 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 483 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ სხდომაზე გაიტანა კიდევ 483 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი. "ეს არის ბინების ერთ ლარად გადაცემა. ეს არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალურ უბნებში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ასევე სხვადასხვა სოფლებში. მთავრობის მიერ შარშან ნოემბერში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, უკვე 3001-მა ოჯახმა მიიღო საკუთრებაში ბინა. ეს არ არის ახალი ბინების მშენებლობა, ეს არის ის ბინები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ დღემდე, იყვნენ მართლზომიერი მესაკუთრეები. დღეიდან ისინი უკვე ხდებიან არა მხოლოდ მართლზომიერი მესაკუთრეები, არამედ რეალური მესაკუთრეები", -განაცხადა სუბარმა.