დედაქალაქის მერიამ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების წესის შესახებ დოკუმენტი საკრებულოს გადაუგზავნა

დედაქალაქის მერიამ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა, ოჯახთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ დოკუმენტი საკრებულოს გადაუგზავნა.

როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიამ საკრებულოს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით და დაზარალებულ პირებთან კონსულტაციებით და შეჯერებით, წესზე მუშაობა დაასრულა. "აღნიშნულ წესში ჩამოყალიბებულია ზოგიერთი პარამეტრი. მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანი სულისკვეთება აღნიშნული წესისა დამყარებულია სამართლიანობაზე და იგი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დაზარალებული პირებისგან, რომლებიც არიან დაყოფილი რამდენიმე კატეგორიად, უნდა მოხდეს განსახლების ზონაში საცხოვრებელი სახლებისა და უძრავი ქონების საბოლოო ჯამში საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა, ხოლო შუალედურ პერიოდში მათთვის უნდა მოხდეს საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით ჩვენ ავიღეთ მეთოდოლოგია, რომელიც გააჩნია დევნილთა სამინისტროს და ვიხელმძღვანელეთ ამ მეთოდოლოგიით. ხოლო საბოლოო ჯამში უკვე საბაზრო ღირებულებას დაადგენს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ეს საბაზო ღირებულება იქნება დადგენილი სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულებად და შესაბამისად მოხდება ქონების ანაზღაურება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, იმ ოჯახებისთვის, ვისაც სრულად დაეტბორა სახლი და გაუნადგურდათ საოჯახო პაკეტი მოძრავი ქონებისა, განისაზღვრა სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტები, რომელიც იწყება 8 ათასი ლარიდან და ადის ათიათას ხუთას ლარამდე. "ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები შეიძენენ უძრავ ქონებას იმისათვის, რომ ისინი გადავიდნენ იქ საცხოვრებლად, ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ის საოჯახო პაკეტი, რომელიც იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ოჯახმა იფუნქციონიროს და სრულფასოვად გააგრძელოს ცხოვრება. პრიორიტებები არის ჩამოყალიბებული და ჯგუფების მიხედვით ის შემდეგნაირად გამოიხატება - დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც არც ერთ წევრს არ გააჩნია სხვა უძრავი ქონება, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისიტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 10 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულა, მრავალშვილიან და დაზარალებულ ოჯახებს 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილით, დაზარალებულ ოჯახებს, რომლის წევრიც არის ორსული ამ მეძუძური დედა, დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დაზარალებული ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი. ამ ოჯახებით ჩვენ დავიწყებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ეს წესი დღეს გადაეგზავნება საკრებულოს და მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული წესის დამტკიცება, შესაძლებელი იქნება ამ ოჯახების დახმარება.