ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ლითანიშვილმა დაათვალიერა. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. დაგეგმილია კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება ხელშეკრულების პირობების თანახმად 2016 წელს იგეგმებოდა, ინტენსიური მუშაობის შედეგად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.