საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის ფონზე ევროს კურსი დაეცა

საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო საფონდო ბიჟებზე ევროს კურსი დოლართან და იენთან მიმართებაში დაეცა.

"ბიბისის" ცნობით, დღევანდელი დილის მონაცემებით, ევრო დოლართან მიმართებაში 0,7%-ით გაუფასურდა და 1,1029 დოლარი შეადგინა. ევროს ფასი დაეცა იენთან მიმართებაშიც და ერთი ევროს ღირებულებამ 134,76 იენი შეადგინა (პარასკევს ერთი ევრო 136,8 იენი ღირდა). იენთან მიმართებაში 0,43%-ით დაეცა დოლარის კურსი და 122,33 იენი შეადგინა.

"ბიბისის" ცნობით, ფინანსისტთა განცხადებით, ბერძნული ბანკები კოლაფსის წინაშე დგანან. თუ ფინანსისტთა ვარაუდი გამართლდა, არსებობს რეალური საშიშროება, რომ მილიონობით ბერძენი ანაბრებს დაკარგავს, კომპანიები კი გაკოტრდება.

ანალიტიკოსთა განცხადებით, საბერძნეთის ბანკებს ახლა საიმედო კრედიტორი სჭირდებათ, თუმცა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა ეს ფუნქცია აღარ იტვირთოს.

საბერძნეთში ბანკებმა მუშაობა გასულ კვირას შეწყვიტეს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ბანკები სავარაუდოდ, ხვალიდან გააგრძელებენ მუშაობას.

საბერძნეთში 5 ივლისს გამართული რეფერენდუმის შედეგად, რეფერენდუმის მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს, 38,7% კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.