გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს

ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს. აგულაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.

"ვერეს ხეობის იმ მონაკვეთში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძირითადი ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა. ჭალის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაშია. თავის დროზე, ისიც მუნიციპალური ქონება იყო და გაყიდეს. კერძო მესაკუთრეებმა მიიღეს უგუნური გადაწყვეტილება და გააჩაღეს მშენებლობები. მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ. ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე გვირაბიც გავხსნათ? გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს. ახლა გმირთა მოედნამდე სულ თავისუფალი რომ გვქონდეს ხეობა, შესაძლოა, სწორედ 900 მეტრ სიგრძეზე მდებარე გვირაბი ჩაიხერგოს. ამიტომ შეიძლება პარალელური სადინარების გაკეთებაზე მსჯელობა... ჭალაში არაფერი არ უნდა აშენდეს, ეს ტერიტორია მდინარემ მოიპოვა თავისი არსებობისთვის და არ დათმობს. ამ ხეობაში რაც იყო, იმ სახლების აღდგენაც არ შეიძლება, არათუ ახლების აშენება", - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, შესაძლოა გზა ისე გაკეთდეს, არ კვეთდეს მდინარეს და ერთ-ერთ ნაპირს მიუყვებოდეს. "ასევე განიხილება რეკომენდაცია, გვირაბები მოიშალოს და მის ადგილას აიგოს ფართობიჯებიანი ხიდები", - განმარტავს მინისტრი.

რაც შეეხება "მზიურთან" მშენებარე მაღალსართულიან კორპუსებს, აგულაშვილი აღნიშნულს "უგუნურობად" აფასებს და ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს მოქალაქეები და აუკრძალოს მათ უგუნური ქმედება. "გონივრულობაზე არ მეტყველებს, როდესაც კერძო ბიზნესი ასეთი ტიპის რისკებს ეწევა. თბილისის გარშემოც უამრავი ადგილია, სადაც ადამიანები ბრიყვულად ითვისებენ სარისკო არეალს. ამ რისკებისგან სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს მოქალაქეები და აუკრძალოს უგუნური ქმედება. თუ სახელმწიფოს აქვს დაშვებული შეცდომა, არ უნდა გაჯიუტდეს ისე, როგორც ეს წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. არსებითად უნდა შევცვალოთ მიდგომები, რაც შესაძლოა დაუკავშირდეს ხარჯებს, სჯობს დღეს გავწიოთ, ვიდრე ხვალ კატასტროფის სალიკვიდაციოდ ასჯერ მეტის გადახდამ მოგვიწიოს", - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.